გაზი, წყალი და გაუწნედავი არხები – ეს ის პრობლემებია, რისი მოთხოვნითაც დღეს, ოზურგეთის მუნიციპალტეტის სოფელ მელექედურის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.
"მოვედით, რომ გაზისა და წყლის პრობლემებზე გესაუბროთ, სოფლები რომელიც მელექედურს ესაზღვრება გაზიფიცირებულია, ჩვენ რა დავაშავეთ ასეთი, რომ ეს სოფელია დატოვებული? სოფელ დვაბზუში, ნასაკირალში შეყვანილია, რომელიც რამდენიმე მეტრითაა ჩვენთან დაშორებული, რატომ გამოტოვეთ მელექედური? ძალიან გვიჭირს ამ მხრივ. გვაქვს წყლის პრობლემა და არხები გაუწმენდავია, რომელიც იმდენად პრობლემურია, უკვე ეზოებში შემოგვდის წყალი და გვიტბორავს თხილებს", _ ამბობდნენ მელექედურის მცხოვრებლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და გუბერნატორთან შეხვედრის დროს.
შეხვედრა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ულტიმატუმისა და კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მელექედურის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლების მიმართ პროტესტს გამოთქვამდნენ, მათი განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ პრობლემებს დროულად არ მოუგვარებს, ისინი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. რაზეც მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა:
"ნურავის შეაშინებთ თქვენი პროტესტით, რომ არჩევნებზე ხმას არ მოგვცემთ, მასეთი ხმები არავის სჭირდება, ასე რომ, თავის დროზე გეზრუნათ დღეს ყველაფერი კარგად გექნებოდათ მელექედურში. ჯერ ერთი, ეს რა დამოკიდებულებაა, გპასუხობთ და არ მისმენთ, თუ გინდათ მიიღოთ პასუხი ჩვენგან მოგვისმინეთ, თუ არა და არც თქვენი ულტიმატუმების გვეშინია, რომ არჩევნები არ ჩატარდება, არჩევნებისთვის ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია და არც ვაკეთებთ, ეგ ულტიმატუმები წინა მთავრობისთვის წაგეყენებინათ. გაგზავნილი გვაქვს ყველა წერილი სამინისტროში და ნუ იტყვით იმას, რომ მარტო თქვენთან სოფელია დარჩენილი გაზის გარეშე, არავის არ დაუტოვებიხართ თქვენ გაზის გარეშე, ბევრი უბანი და სოფელია, 13 სოფელია ასე, რაც შეეხება გზას, ვნახოთ, რა თანხები დაიხარჯა თქვენს სოფელში გზაზე და შევადაროთ სხვა სოფლები, აქ ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა დახარჯული, სოფლის პროექტებს რომ თავი დავანებოთ.
ვერ გადაგიწყვეტთ დღეს ამას, რაც არ უნად გითხრათ, რაც არ გინდათ არ დაგვიჯერებთ, რაც შეეხება არხებს, გუბე წინ რომ დაგიდგებათ ის თქვენ თვითონ უნდა ამოწმინდოთ, პირდაპირ გეუბნებით ამას, სახლის წინ ამოწმინდეთ თქვენ თვითონ",_განუცხადა გამგებელმა შეკრებილ მოსახლეობას.
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ მოსახლეობას უთხრა, რომ გაზიფიცირება ადგილობრივი ხელისუფლების პირდაპირ კომპეტენციაში არ შედის:
"რაც შეეხება გაზიფიცირებას, თქვენ როცა ჩვენ მოგვმართავთ ეს სწორია, მე გეტყვით, რომ ეს ჩვენს კომპეტენციას პირდაპირ არ განეკუთვნება, ამას აკეთებს "სოკარი" და გაზის ტრანსპორტირების კომპანია, როგორც კი ეს შეხვედრა დასრულდება იმ წუთსვე დავრეკავ აღნიშნულ კომპანიაში, სამი წერილი მიწერილი მაქვს და უკვე მეოთხედ მივწერ , ყველა სოფელთან დაკავშირებით სადაც არ არის გაზი, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მელექედურში მოხდეს გაზიფიცირება, სოფელი ერთ დღეში არ აშენებულა, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ლიხაური ჩემი სოფელია და ნახევარ ლიხაურს გაზი არ ააქვს, დაიწყო ეს პროგრამა და დასრულდება", _ განაცხადა სალუქვაძემ.
მელექედურის მცხოვრები მედეა თავართქილაძე: "წყალი დგება სახლში, ეზოში და ეზოს წინ, იმდენად არის არხები გაუწმენდავი და მოუწესრიგებელი, რომ პატარა ბავში დამეხრჩობა, დამეტბორა თხილები, საქონელი დაიხრჩობა ისეთი ამბავია".
"უმძიმესი პრობლემა ჩვენი არის ის, რომ არც გაზი გვაქვს და არც წყალი. გაზი შემოსულია ნასაკირალში, დვაბზუში, ამიტომ ჩამოვედით და მოვისმინეთ მხოლოდ დაპირებები", _ განაცხადა ამავე სოფლის მკვიდრმა ელისო ბენდელიანმა.
ნაზიკო ლომინაძე: "გზა გაკეთდა, მაგრამ ისეთი ვიწროა, ორი მანქანა გვერდს ვერ უვლის და ბავშვები წყალს ვერ ეზიდებიან, გვყავს შშმ პირები, ერთი ასაკში შესული და ერთი ბავშვი, რომლებიც საცალფეხო ბილიკით სარგებლობენ და ფეხით მოსიარულეებს პრობლემები ექმნება. პირველ რიგში გაზი და წყალი გვინდა, დაგვპირდნენ და ვნახოთ".
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ "გურია ნიუსთან"საუბრისას აღნიშნა:
"პრობლემა, რომელიც მოსახლეობას უდგას ყოველთვის საფუძვლანია, როდესაც მოსახლეობას სჭირდება გაზი, ეს მოთხოვნა არის აბსოლუტურად საფუძვლიანი, ყველა სოფელში უნდა იყოს გაზიფიცირება და ეს პრობლემა მოგვარებული. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე ცენტრალური მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო თავიდან ბოლომდე არის ჩართული ამ პროცესში, არის დაწერილი ეს გეგმა და 2018 წელსვე მთლიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება მოხდება. დარჩენილია 13 სოფელი და რამდენიმე უბანი, ყველა ინფორმაცია მიწოდებულია და ეს პრობლემა მოგვარდება. ასევე არხებთან დაკავშირებით და შიდა გზების მოწესრიგების კუთხით დაწყებულია მუშაობა, მოხდება მოხრეშვაც და მოსწრიგებაც დასრულდება 30 სექტემბერს", _ განაცხადა ჭანუყვაძემ.