მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული იახტა _ „Eclipse“ რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. გემი 162,5 მეტრი სიგრძისაა და 1,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. „ეკლიპსზე“ ორი ვერტმფრენი, ოთხი კატერი, წყალქვეშა ნავი, კინოთეატრი, აუზები, სილამაზის სალონები, საუნა და რესტორანია განთავსებული. მილიარდერის და მისი სტუმრების უსაფრთხოებას გემზე დამონტაჟებული რაკეტსაწინააღმდეგო და ლაზერული სისტემა იცავს. სპეციალურად საყვარელი იახტისთვის აბრამოვიჩმა თანამედროვე ხელოვნების 35 ნიმუში შეიძინა, რომლებიც 326 ათას დოლარადაა შეფასებული.
ნომერ მეორე, ყველაზე ძვირადღირებულ იახტებს შორის არის 155-მეტრიანი "Streets of Monaco“ („მონაკოს ქუჩები“), რომლის ღირებულებაც 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. იახტა სანაპიროზე გაშენებულ მინი-სამეფოს მოგვაგონებს. „მონაკოს ქუჩებზე“ მოხვედრილ მგზავრებს კაზინოში თამაში და მონაკოს საუკეთესო სასტუმროების მსგავს აპარტამენტებში ნებივრობა შეეძლებათ. „ქუჩებზე“ ბიბლიოთეკა, კინოდარბაზი, საუნა, აუზი, ჯაკუზი, ბარი და საჩოგბურთო მოედანია განლაგებული.
საუკეთესო იახტების სამეულს ასრულებს დუბაის შეიხ რაშიდ ალ მაკტუმის „Dubai.“ იგი 350 მილიონ დოლარდაა შეფასებული და 162 მეტრი სიგრძისაა. გემზე აუზი, საუნის გიგანტური დარბაზი, კინოთეატრი და კაზინოა განთავსებული.