თბილისის მერია პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, თითქოსდა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებზე დედაქალაქის მერიის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა და მერია ბაღების პედაგოგებს ავსებინებს კითხვარს მათი პოლიტიკური შეხედულებების გასარკვევად.
როგორც მერიაში განმარტავენ, ეს არის მორიგი სიცრუე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან და ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მოძველებული და არაეფექტურიმეთოდებით.
"ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ისევე როგორც მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სხვასტრუქტურული ერთეულები,იცვლის მომსახურე ბანკს დაგადადის თი-ბი-სი ბანკის მომსახურებაზე. შესაბამისად, ბანკი, მერიისგან დამოუკიდებლად,სააგენტოს თანამშრომლებს ავსებინებს სტანდარტულ კითხვარს.
დღეს ყველას კარგად ესმის, რომ წინასაარჩევნოდ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" გაორმაგებული ძალებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით პოლიტიკური ქულების დაწერას და მოვუწოდებთ, რომ პატივისცენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და აღნიშნულის ნაცვლად ენერგია მიმართონქვეყნისა და ქალაქის სასიკეთოდ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმისაკენ", _ აცხადებენ თბილისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, საბავშვო ბაღების მასწავლებლებს ბაღების სააგენტომ კითხვარი გაუგზავნა, რომელშიც ერთ-ერთი შეკითხვა მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და აქტიურობის შესახებაა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ და გოგა ონიანმა ისაუბრეს.
გოგა ონიანის განცხადებით, მერიამ და ბაღების სააგენტომ სუს-ის მანკიერი პრაქტიკა შეითავსეს, ვინაიდან ასეთი შეურაცხყოფა მასწავლებლებისთვის არც ერთ ხელისუფლებას არ მიუყენებია.
"გუშინ ბაღების სააგენტომ, მერიის თანხმობით, თბილისში ყველა საბავშვო ბაღის დირექტორს ე.წ. რეესტრი გაუგზავნა, რომელშიც ერთ-ერთი კითხვის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: არის თუ არა პირი პოლიტიკურად აქტიური და რომელი სუბიექტის მიმართაა დადებითად განწყობილი. ასეთი შეურაცხყოფა არც ერთ ხელისუფლებას მასწავლებლებისთვის არ მიუყენებია. გარდა ამისა, ცალსახაა რომ მერიამ და ბაღების სააგენტომ სუს-ის მანკიერი პრაქტიკა შეითავსეს. ამ ხელისუფლების პირობებში, მერია ცდილობს გაარკვიოს ყველა მასწავლებლის პოლიტიკური ორიენტაცია და სწორედ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, განახორციელოს რეპრესიები მათთვის არასახარბიელო მასწავლებლების მიმართ თუ დააწინაუროს. დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამ ხაზით აპირებს არჩევნების ჩატარებას, რომ დააშანტაჟოს, შეაშინოს საჯარო მოხელეები. პირდაპირ მინდა ვუთხრა ნარმანიას და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, რომ ზეწოლები ვერ უშველით და 8 ოქტომბერს დასრულდება მათი მმართველობა", _ განაცხადა გოგა ონიანმა.
თინა ბოკუჩავას თქმით კი, ე.წ რეესტრი ფინანსური ინფორმაციის შესახებაა და აქ პირის პოლიტიკური კუთვნილების შესახებ შეკითხვა, აბსოლუტურად ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან.
"ეს არის ცალსახა მცდელობა, რომ წინასაარჩევნოდ ნარმანიამ, რომელიც თავის ფუნქციებსაც ვერ ახორციელებს ნორმალურად, სუსის ფუნქციები შეითავსოს.ჩვენ ამ დარღვევის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ვაცნობებთ, რომელიც მოგეხსენაბათ წულუკიანის ხემძღვანელობის ქვეშაა. ეს არ არის პირველი დარღვევა. ჩვენ, სამწუხაროდ, მიგვიმართავს სხვა ტიპის დარღვევებით, რომლებზეც გამოძიება დაწყებულა, თუმცა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა", _ განაცხადა ბოკუჩავამ.