დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხელისუფლებამ ე.წ. შტაბი შექმნა, რომელიც რწმუნებულებს ურეკავს და აძლევს მითითებებს, თუ რა გზით უნდა დაშალონ სოფლის ცენტრებში შეკრებილი მოსახლეობა, რომელიც აქციაზე წასასვლელად ემზადება.
ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულს, რომლის ვინაობასაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ, რამდენიმე წუთის წინ, ჩოხატაურის ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაურეკა და შეახსენა, რომ თუ მისი სოფლიდან აქციაზე ბევრი ადამიანი წავა, თანამდებობას დაატოვებინებენ.
აღნიშნული სოფლის რწმუნებულის თქმით, მას ამის არც შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი და აღნიშნავს, რომ ადამიანების იძულებას ვერ შეძლებს.
_ თუ ასე ადვილი ჰგონიათ ამათ ხალხის იძულება, რომ აქციაზე არ წავიდნენ, მოვიდნენ და თავად გააკონტროლონ სიტუაცია. ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, კორნელი კუკულავა ხომ იმყოფება ჩოხატაურში, ის მოვიდეს და იმ ადამიანებს დაელაპარაკოს, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ, არჩევამდე დაპირებებით ავსებდა და რომლებიც დღეს ლუკმაპურის საშოვნელად ყველაფერს აკეთებენ, _ უთქვამს ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულს, რომელსაც პროტესტის ნიშნად, სოფლის ცენტრი დაუტოვებია.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მსგავსად ფიქრობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის რწმუნებული, რომელთაგანაც ორი, დაზუსტებული ინფორმაციით, აქციაზე წასვლასაც აპირებს.