„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი პირი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია.
„სამწუხარო ფაქტია, რომ ადვოკატზე მოხდა თავდასხმა. მას აქვს ცეცხლსასროლი დაზიანება. მისი მდგომარეობა მძიმეა. მე შევხვდი კლინიკის დირექტორს. დარწმუნებული ვარ, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ადვოკატის სიცოცხლე გადაარჩინონ, ხოლო შემდეგ გამოძიება გაარკვევს, თუ რა მოხდა. მე როგორც „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვიბრძოლებ, რომ უმკაცრესად იყოს დასჯილი ყველა ის პირი, ვინც ადვოკატის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე“,_ განაცხადა ხატიაშვილმა.
მისივე შეფასებით, მომხდარი ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქალაქეები დაუცველები არიან.
დაჭრილ ადვოკატს რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ის მხრისა და გულ-მკერდის არეშია დაჭრილი.