შსს-ს აკადემიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ეწვივნენ.
სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მირანდა ხაბაზმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა დიპლომატიურ კორპუსს შსს-ს აკადემიაში გახორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. სტუმრებისთვის სპეციალური პრეზენტაციაც მოეწყო, სადაც შსს-ს აკადემიის მისია, სასწავლო პროგრამები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები იყო წარმოდგენილი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ უცხოელმა დიპლომატებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური მობილური ლაბორატორია, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს, ასევე, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურების დემონსტრირებას და საგანგებო სიტუაციების დროს მასების მართვის სიმულირებულ წვრთნებს დაესწრნენ.