დღეს, ქალაქ მცხეთისა და თემის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ისინი ემიჯნებიან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს, მაგრამ მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ის პირები, რომლებმაც დღეს განცხადება გააკეთეს, არ წარმოადგენენ უმრავლესობას და არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები. გვინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც ასევე მხარს უჭერენ ჩვენს მიერ ყველა ოლქში წაყენებულ კანდიდატებს. ყველა კანდიდატი სარგებლობს ჩვენი უდიდესი ნდობით.
რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძეს, ამის თაობაზე განცხადება არაერთხელ გავაკეთეთ. მცხეთაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ღირსეული კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ჩვენი და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და გვჯერა, რომ 8 ოქტომბერს ისევე როგორც სხვაგან, მცხეთაშიც გამარჯვებას ვიზეიმებთ“. _ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.