გურიაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ივანიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" რეიტინგსაც შეეხო. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა "რესპუბლიკელების" რეიტინგი 1%-ს არ აღემატება, რასაც საზოგადოების სწორ შეფასებად თვლის.
"რესპუბლიკურ პარტიისთვის" სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ”რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება ”რესპუბლიკური პარტია”. დანარჩენი სახელმწიფო, რაც ”რესპუბლიკურ პარტიაში” არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება. კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო და ასეთი გამონათქვამები მათგან ხშირად გვესმის. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი საერთო სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრის. ისინი ახერხებენ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას”, _ განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, "რესპუბლიკელებს" გარკვეული პლუსებიც აქვს.
"რესპუბლიკური პარტია" ერთადერთია პარტიებიდან, რომელიც ჩემს დახმარებას არ საჭიროებს. ის ძველი პარტიაა და თანმიმდევრულობით გამოირჩევა. მისი წევრები იცავენ ელემენტარულ წესებს, რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიების არსებობისთვის. "რესპუბლიკელებს" ძალიან უყვართ პროცედურული დემოკრატია”, _ განაცხადა ივანიშვილმა.