პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის წარდგენის უფლება გამოიყენა და პარლამენტს ასარჩევად ზაზა რუხაძე შესთავაზა. უწყება ზაზა რუხაძის ავტობიოგრაფიასაც აქვეყნებს.
ზაზა რუხაძე დაიბადა 1963 წელს. დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი. არის სამართლის დოქტორი. გავლილი აქვს საკონსტიტუციო სამართლის კურსები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.
2005 წლიდან დღემდე საქმიანობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, არის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. 2007-2010 წლებში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1993-2005 წლებში იყო ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პროფესორი. 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. წლების განმავლობაში მონაწილეობდა საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების სამთავრობო კომისიების მუშაობაში.
არის რამდენიმე მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი: „იურიდიული კლინიკის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ 2012; „დემოკრატია და მოქალაქეობა“ 2011; „ფედერალიზმის პერსპექტივები საქართველოში“ 2012; „საგადასახადო სამართალი“ 2013; „საკონსტიტუციო სისტემები და კონსტიტუციური პროცესები საქართველოში“ 2009; „სამართლის თეორია“ 2008; „ხელისუფლების ორგანიზაციის დემოკრატიზაცია“ 2003; „საკონსტიტუციო სამართლის სახელმძღვანელო“ 2005; „საქართველოს კონსტიტუციური კანონის სახელმძღვანელო“ 1999. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს _ გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას – უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი _ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან სამს ნიშნავს პრეზიდენტი, 3 წევრს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3-ს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასარჩევად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა 6-კაციან ჯგუფს. პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.