საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.
აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, მინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ჩვენ უნდა შევძლოთ არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.
„ჩვენს წინ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკური ვნებათაღელვა პიკს აღწევს, მაგრამ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი მივმართავ ყველა მხარეს – ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას. ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას. პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები“, _ განაცხადა შს მინისტრმა და დასძინა, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა იქნება აღკვეთილი.
„ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ჩვენ ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალების წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება“, _ აღნიშნა მღებრიშვილმა.
უწყების ხელმძღვანელმა ბოლო პერიოდში გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაშაულთა უმეტესობას შსს ცხელ კვალზე ხსნის.
„თავად ხედავთ, რომ თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება, ცხელ კვალზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და აქ საზოგადოების განწყობას, მის თანამშრომლობასა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი – გვინდა პოტენციური დამნაშავეების ინსინუაციების დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება, თუ ჩვენი პოლიციელებისთვის და შესაბამისად უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერა“, _ განაცხადა მღებრიშვილმა.