ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ახალი კანდიდატით ჩაანაცვლა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წუხელ, პოლისტაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჭკუასელის ნაცვლად დეპუტატობისთვის ნინო წილოსანი იბრძოლებს. აღნიშნულზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ "ქართული ოცნების" პრესსამსახურში, თუმცა ფაქტს გვიდასტურებს თემურ ჭკუასელი, რომლის განმარტებით, იგი პროპორციულ სიაში გადაინაცვლებს.
რაც შეეხება წილოსანს _ ახალი კანდიდატი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არა აქვს:
_ არის საუბარი ამაზე, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. დღეს მეცოდინება დეტალები, _აღნიშნა ჩვენთან საუბრისას წილოსანმა.
_ ქალბატონო ნინო, თემურ ჭკუასელი ერთი თვეა შეხვედრებს მართავს… არ გეუხერხულებათ მისი ჩანაცვლება?
_ მე არ ვიცი რა გახდა ბატონი თემურ კანდიდატურის მოხსნის მიზეზი _ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ ეს პარტიის გადაწყვეტილება იყო. სანამ დეტალებს არ დავაზუსტებ, ვერაფერს გეტყვით.
_ ჭკუასელის თქმით, ეს პარტიის გადაწყვეტილება იყო…
_ მე ჯერ არაფერი ვიცი ამის შესახებ.
_ ჩვენს გვაქვს დაზუსტებული იფნორმაცია და ამ კითხვებს ამიტომ ვსვამთ. საინტერესოა რა ბედი ელით ჭკუასელის შტაბის წევრებს. დატოვებთ თუ თქვენი გუნდის მოყვანას აპირებთ?
_ ამაზეც არ შემიძლია ახლა საუბარი. მივალ პარტიის ოფისში, გავერკვევი და შემდეგ ყველა კითხვაზე გიპაუხებთ, _ გვითხრა წილოსანმა.
ამავე თემაზე: ექსკლუზივი: თემურ ჭკუასელის კანდიდატურა მოხსნილია _ რა მოხდა გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე