ჩვენ დარწმუნებული ვართ, შევძლებთ შევინარჩუნოთ ის სტანდარტი, რომელიც საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე იყო ნაჩვენები. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, ფსონებიც მაღალია, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ იენს სტონტელბერგთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, შევძლებთ შევინარჩუნოთ ის სტანდარტი, რომელიც საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე იყო ნაჩვენები. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, ფსონებიც მაღალია და ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მთავრობას არჩევნების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულად ჩატარებაზე. ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ უკვე იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები, რომ მთელ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდნენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ოთხი თვით ადრე გამოიცა, არჩევნების ჩატარების შესახებ განკარგულება“.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა სტანდარტი წინასაარჩევნო ხანგრძლივობის კუთხითაც უფრო მაღალია. წინასაარჩევნოდ გატარებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გამკაცრებულიყო სისხლის სამართლის კოდექსი ფიზიკურ შეხლა-შემოხლასთან დაკავშირებით.
„საქართველოში არის უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიასივრცე, როგორიც არ ყოფილა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ გვქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები", _ განაცხადა პრემიერმა.