არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე _ შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც განხორცილებული რეფორმები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შინაპატიმრობის დანერგვას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. შინაპატიმრობა დაენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს, ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ხოლო მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობისთვის თავის არიდების შემთხვევაში, სასჯელი თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება. შინაპატიმრობა შესაძლებელია დაინიშნოს ექვს თვეზე ნაკლები ვადითაც სასჯელის შეცვლის შემთხვევაში.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით შეუცვალოს.
შინაპატიმრობა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე, ამ ეტაპზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება. შინაპატიმრობას ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს. სააგენტოში მოწყობილია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი შესაბამისი ელექტრონული სამაჯურებით, რომლითაც მსჯავრდებულის გადაადგილება კონტროლდება. შინაპატიმრობა ხელს უწყობს სასჯელის მოხდას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე, მსჯავრდებულს ასეთ შემთხვევაში, საშუალება ეძლევა არ მოწყდეს ჩვეულ საცხოვრებელ გარემოს, ოჯახს და ა.შ. (R)