საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში NATO -ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად ესტუმრა.
საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის თემაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის მომავალი უშუალოდაა დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან. ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ იგი ევროპული თანამშრომლობის სივრცედ.
იენს სტოლტენბერგმა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმართულებით.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.