ქალაქ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დარბაზში ტელეკომპანია "GDS"-ის ახალი პროექტი _ "შეხვედრები რეგიონული მედიასთან" გაიმართა. შეხვედრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების და წევრების ორგანიზებული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
პლაკატებზე იყო წარწერები _ "ივანიშვილი თაღლითი!" "გადამგდები ოთხი წელი!" "ესენი უნდა წავიდნენ!" "არ მოგვენატრები!"
"ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კახა ასკურავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ამ ადგილიდან გასცა უამრავი დაპირება, თუმცა, არც ერთი არ შესრულებულა.
მისივე თქმით, ისინი ივანიშვილისთვის სამივე კუთხიდან შეტევებს გეგმავენ:
"ლანჩხუთიდან, ჩოხატაურიდან და ოზურგეთიდან იმიტომ ვართ, რომ სამივე კუთხიდან შევუტიოთ ივანიშვილს და ის დაპირებები შევახსენოთ, რაც მან ამ მოედნიდან ოთხი წლის წინ გასცა და რომ მათგან არც ერთი არ შესრულებულა", _ გვითხრა კახა ასკურავამ.
პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს გარეთ ელოდებოდნენ. მას შემდეგ, რაც თეატრის თანამშრომელთათვის განკუთვნილი კარის მხრიდან რამდენიმე მანქანა თეატრალურ მოედანზე გამოვიდა და ტერიტორია დატოვა, აქციის მონაწილებს ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თეატრის შენობა დატოვა.
"როგორც ვფიქრობდით ისე მოხდა _ ბიძინა ივანიშვილი უკანა კარიდან გაიპარა. მას ხალხთან შეხვედრის მორალური უფლება არ ჰქონდა. სწორედ ამ მოედანზე, 4 წლის წინ, მან უამრავი ადამიანის წინაშე დაპირებები გასცა. ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და "გადააგდო", _ თქვა "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ.
რამდენიმე წუთში ბიძინა ივანიშვილი თეატრის მთავარი გამოსასვლელიდან გამოვიდა და მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე კითხვაზე უპასუხა. მან თქვა, რომ ის აუცილებლად შეხვდება "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს.
შეხვედრა შედგა _ ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასაწყისში "ნაცმოძრაობის" წევრები გააფრთხილა: "ოღონდ კითხვაზე პასუხი მოისმინეთ".
"თქვენ ოთხი წლის წინ ამ მოედნიდან ამომრჩეველს დაპირდით უამრავი პრობლემის მოგვარებას, ასევე, დაპირდით, რომ პენსია იქნებოდა 250 ლარი, იპოთეკარებს გადაუჭრიდით პრობლემას, ურეკის მცხოვრებლებს ექნებოდათ სოლარიუმი, რომ შუქის გადასახადი არ უნდა იყოს იმდენი, რაც ახლა არის", _ უთხრა დავით მჟავანაძემ ბიძინა ივანიშვილს.
ბიძინა ივანიშვილი: "ხომ იწერება ეს საუბარი? თქვენ უნდა დადოთ ის ვიდეოები, რომ ეს მართლა მე ვთქვი. იპოთეკარების პრობლემა არის ძალიან რთული _ სახელმწიფოს, სადაც შეუძლია და როგორ შეუძლია, უნდა დაეხმაროს მათ. მე არ დავპირებივარ ხალხს ამ პრობლემის გადაჭრას და გავიმეორებ, რომ ეს მძიმე პრობლემაა _ ვალს რომ აიღებ, უნდა დააბრუნო, სახელმწიფო ამ ვალს ვერ დააბრუნებს".
დავით მჟავანაძე: "თქვენ გააჩინეთ ამის იმედი, რომ გადაიხდიდით მათ ვალს."
ბიძინა ივანიშვილი: "ცრუობთ და დემაგოგიას თავი დაანებეთ. ახალგაზრდა კაცი ხართ და ნუ ცრუობთ!"
დავით მჟავანაძე: "ერთი, რაც მოახერხეთ თქვენ, პოლიტპატიმრები ჩასვით ციხეში. სიცრუე არის ის, რასაც თქვენ ლაპარაკობთ".
ბიძინა ივანიშვილი: "მერაბიშვილი?!"
მცირე პოლემიკის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებსაც შეხვდა, რის შემდეგაც ოზურგეთი დატოვა.