პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეორე ნომერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, არჩევნებში მონაწილეობის გამო, თანამდებობები დღეს დატოვეს.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.
ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა, რომლებიც მანამდე მინისტრის მოადგილეების პოსტს იკავებდნენ.
მთავრობის ახალი წევრები საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.
"სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მინისტრის პოსტებს ჩაიბარებენ ლევან დავითაშვილი და ილია ელოშვილი. მათ საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ისინი დღემდე მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდნენ. მოხარული ვარ, რომ პროფესიონალ და ღირსეულ ადამიანებს წარვადგენ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე. მინდა ვუსურვო მათ წარმატებები და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მინისტრებს, რომლებიც დღეს ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში. ორივე მათგანს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ამ ამოცანებს", _ განაცხადა კვირიკაშვილმა ახალი მინისტრების წარდგენაზე.