საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი გახდა.
როგორ აპირებს შსს-ს აკადემიის განვითარებას, რატომ იკავებს თავს იუსტიციის მინისტრის მოადგილეობის პერიოდზე საუბრისგან, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლების ქმედებებზე და როგორ აპირებს ქართველი პოლიციელების უცხოელ სამართალდამცავებთან ერთად გადამზადებას, _ ამ საკითხებზე შსს-ს აკადემიის ახალი რექტორი გივი მიქანაძე "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
_ბატონო გივი, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა შსს-ს აკადემიის რექტორის პოსტზე წარგადგინათ, რას გეგმავთ უახლოეს მომავალში და აპირებთ თუ არა აკადემიაში ძირეულ ცვლილებებს?
_შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს შსს-ს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული ადამიანებისთვის პროფესიული გადამზადების მიმართულების მატარებელ დაწესებულებას, ამავდროულად, პოლიციის აკადემიაში შექმნილია უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც როგორც საბაკალავრო, ასევე მაგისტრატურის კურსებს სთავაზობს სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული. ყოველდღიურად 14-დან 18 ჯგუფამდე მოქმედი პოლიციელები და ის ადამიანები, ვისაც სურვილი აქვს, რომ სხვადასხვა მიმართულებებით დასაქმდნენ, სასწავლო პროგრამებში არიან ჩართულები. პარალელურად მიმდინარეობს 2 კურსის საბაკალავრო პროგრამა და მაგისტრატურის პროგრამა. წელს ჩვენ გვექნება მაგისტრატურის პირველი გამოშვება, რაც ასევე მნიშვნელოვანია აკადემიისთვის. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მიმდინარე ყველა სასწავლო პროგრამის შეფასებას, მათში თანამედროვე სტანდარტების ინტერაქტიული მეთოდოლოგიის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს მსმენელთა მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში და სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდას. ამასთანავე, იგეგმება ახალი მიმართულების სასწავლო პროგრამების შემუშავება, რაც აქამდე აკადემიის ბაზაზე არ ხორციელდებოდა.
_რას გულისხმობთ?
_ აქ შეიძლება იყოს მენეჯერული კურსები დაწინაურების მხრივ. ასევე, სხვადასხვა მიმართულებები. ჩვენთან არის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტი, სასაზღვროს ფაკულტეტი და სხვა მიმართულებები, მაგრამ ყველა სტრუქტურულ ერთეულთან ასევე, სამინისტროში უნდა გავიაროთ რა საჭიროებები არსებობს, რომ იმის მიხედვით დავსახოთ გეგმები, რა ახალი სასწავლო პროგრამების შემოტანა შეიძლება. ამასთანავე, უახლოეს პერიოდში იგეგმება დისტანციური სწავლების პროგრამის პილოტირება და ჩაშვება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ რეგიონებიდან ჩამოუსვლელად ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს მოქმედი პოლიციელების გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საგამომცემლო საქმიანობის განხორციელებას, რაც მიბმული იქნება არა მარტო სასწავლო პროცესზე, არამედ, ვაპირებთ დავნერგოთ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა პოლიციის აკადემიაში. გვექნება მნიშვნელოვანი აქტივობები პოლიციის აკადემიის საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტად წარმოსაჩენად. ამ მხრივ ვგეგმავთ სხვადასხვა საერთაშორისო პოლიციის აკადემიიის გაერთიანებებში გაწევრიანებას. ჩვენ ვართ რიგი გაერთიანებების წევრი, მაგრამ გვაქვს მიზანი, რომ ეს გავაფართოვოთ. გვექნება აქტიური თანამშრომლობა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ერთ-ერთი პირველი რაზეც აქცენტი გაკეთდება აკადემიის სამოქმედო სტრატეგიის განვითარებაა. რაც მთავარია აკადემია უახლოეს პერიოდში უნდა გარდაიქმნას რეგიონალურ აკადემიად, ანუ უნდა გახდეს რეგიონის ცენტრი. ამ მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და ძალისხმევით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ფაქტიურად, მოლაპარაკებების დონეზე ეს საკითხი შეთანხმებულია, ახლა უკვე განხორციელების პროცესი დაიწყება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელები ჩამოვლენ აკადემიის ბაზაზე და მოხდება ერთობლივი გადამზადება
_ანუ ქართველ პოლიციელებთან ერთად სხვა ქვეყნის პოლიციელებიც გადამზადდებიან?
_დიახ, ერთობლივი გადამზადება იქნება და პოლიციის აკადემიას სულ მცირე რეგიონალური დანიშნულების ცენტრის ფუნქცია და როლი ექნება. რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საერთაშორისო მასშტაბითაც ხელი შევუწყოთ საპოლიციო თანამშრომლობას. მოლაპარაკებების დონეზე ეს ყველაფერი შეთანხმებულია. ახლა არის ის ეტაპი, როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებზე გეგმა უნდა დავსახოთ. დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტებიც. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. შუთ ჰაუსის მშენებლობა, რომელიც იქნება იმიტირებული კომპლექსი, სადაც პოლიციელები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აიმაღლებენ, როგორ უნდა იმოქმედონ კონკრეტულ სიტუაციებში, რა შემთხვევაში შეუძლიათ იარაღის გამოყენება და ა.შ. თვითონ აკადემია დიდი ინფრასტრუქტურის მფლობელია და იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიციელებმა საკმაოდ მაღალი დონის გადამზადება გაიარონ.
_საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ სასწავლო პროგრამის შეფასება უნდა მოხდეს და საჭიროებებზე მორგებული კურსები უნდა დაემატოს ამ პროცესს. აქამდე არ მომხდარა სწავლის ხარისხის შეფასება და საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავება?
_არ ვიცი, ჯერჯერობით იყო თუ არა მსგავსი შეფასება გაკეთებული, მაგრამ ეს ცოცხალი პროცესია და ეს ერთჯერადი არ არის, ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს. ამ სასწავლო პროცესში რისი შეტანა და განხორციელებაა საჭირო, ამის დაგეგმვა საჭიროებების მიხედვით უნდა იყოს გათვლილი. ის, რომ ჩვენ ახლა ამ პროგრამებს შევაფასებთ და მასში გარკვეულ ცვლილებებს შევიტანთ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი დამთავრდება. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელსაც სისტემატურად სჭირდება განახლება და თვალის მიდევნება.
_რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ მიმართულებით თქვენს გამოცდილებაზე?
_შეგიძლიათ ამ ყველაფერზე ჩემი cv-დან მიიღოთ ინფორმაცია.
_გასაგებია, თუმცა, მაინც გკითხავთ წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყავით. რა მიმართულებას კურირებდით?
_მე ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე 2005-2008 წლებში. ჩემთან შემოდიოდა არა მხოლოდ სასჯელაღსრულება, არამედ, პრობაციის ეროვნული სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო და ა.შ. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით.
_საკმაოდ კრიტიკული შეფასებები კეთდება ამ პერიოდის იუსტიციის სამინისტროზე. ის ბრალდებები, რაც ისმის ახალი ხელისუფლების მხრიდან რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე?
_იმაზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რასაც მე კონკრეტულად ვაკეთებდი, რა მიმართულებებზეც ვმუშაობდი. შეგიძლიათ წაბრძანდეთ და ნახოთ, რა გავაკეთე მაშინ ამ მიმართულებით. ერთ-ერთი სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრია. ის 2005 წლის ნოემბერში შეიქმნა და იმ დონეზე შეძლო თავისი საქმიანობით და შედეგებით გასვლა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების მსგავსი ცენტრების ასოციაციაში აღიარეს და გააწევრიანეს. ცენტრის საქმიანობა არა მხოლოდ სასჯელაღსრულების მიმართულებას ეხება, არამედ, სისტემაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის, სამინისტროში დასაქმებული აპარატის თანამშრომლების გადამზადებასაც.
_ მხოლოდ ეს ერთი მიმართულება შეგიძლიათ გამოყოთ, თქვენი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდიდან?
_ბევრი რამ შეიძლება გამოიყოს. მაგალითად, აღსრულების კუთხით ძალიან ცოტა იყო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების ამოღების მიმართულებით. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნის კუთხითაც, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ თანხების ამოღება ბიუჯეტის სასარგებლოდ მკვეთრად გაზრდილიყო. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პრობაციის სააგენტოს განვითარების კუთხითაც.
_ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, რა შეცდომები იყო დაშვებული უწყებაში? შეგიძლიათ იმ პერიოდის შეფასება გააკეთოთ?
_ასე კონკრეტულად მე არ ჩამოვყალიბდები შეცდომებზე. ის შეცდომები თუკი იყო დაშვებული, საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი… ნებისმიერ უწყებაში ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს ყველაზე მაღალ პრიორიტეტად აღიარებული. ამიტომ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.
_რა იყო უწყებიდან თქვენი წამოსვლის მიზეზი?
_ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ რამდენიმე თვით ადრე წამოსვლამდე გავიარე კონკურსი და ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიანტი გავხდი, რამაც შესაძლებლობა მომცა სამაგისტრო პროგრამაზე გამეგრძელებინა სწავლა, ეს კურსი 2009 წელს წარმატებით დავასრულე.