პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც გიორგი მღებრიშვილმა რიგი პარტიების მიერ შესაძლო პროვოკაციებზე ისაუბრა.
"აქედან გავალთ თუ არა, მე და ვახტანგ ხმალაძემ ეროვნული მასშტაბის პროვოკაციები უნდა დავგეგმოთ, რომლითაც უნდა დავამხოთ ეს ქვეყანა _ გთხოვთ, გამოიძიოთ ეს საქმე, ჟურნალისტურადაც და სხვანაირადაც", _ მიმართა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, არ უკვირს, თუ მინისტრი გარკვეულ პრევენციას აკეთებს.
“შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში წესრიგზე. არ მიკვირს, თუ მინისტრი გარკვეულ პრევენციას აკეთებს, თუმცა, მგონია, რომ ბატონი გიორგი საკმაოდ გონიერი ადამიანია და წინასაარჩევნო პერიოდში, წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში შსს-ს როლს და ადგილს სწორად და კარგად დაინახავს. ჩვენ მინისტრისგან, მთავრობისგან გვჭირდება არა ზოგადი ვარაუდები იმის თაობაზე, რომ პროვოკაციებია მოსალოდნელი _ ამას პოლიტიკოსები ერთმანეთს მარტივად აბრალებენ ხოლმე, არამედ გვჭირდება ფაქტები, ან გახსნილი საქმე, ან შეკავებული დანაშაული, ან არჩადენილი, გახსნილი, მზადების პროცესში და ა.შ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ჩვენდაუნებურად სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას შევუწყოთ ხელი“, _ განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
































































