თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მექვაბიშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი გადაუღებელი წვიმების შედეგად ურეკში მომხდარი წყალდიდობის გამო, სხდომას არ ესწრებოდა, რადგან იქ სასწრაფოდ წავიდა სამაშველო სამსახურთან ერთად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხიდან შვიდი ცვლილებებს შეეხო, ერთი კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცებას.
სხდომაზე ჩვეული პათოსით წარდგა ოპოზიციონერი დეპუტატი ლელა ნაცვალაძე და განაცხადა, რომ საგადასახადო სამსახური, ორი დღით ადრე, ბაზარში მოვაჭრეებზე ზეწოლას ახდენდა და ეუბნებოდა, “ქართული ოცნების ” აქციაზე თუ წავიდოდნენ 17 ივნისს, მათ დააჯარიმებდნენ. ავთანდილ მექვაბიშვილმა ეს სასაცილოდ მიიჩნია, ჯუმათის მაჟორიტარმა კი მიაძახა: ეს პროვოკაციაა, ქალბატონო ლელა!