ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან ლელა იმედაშვილთან ერთად ქალაქის ყველა საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
საზეიმო ღონისძიებები ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარმოადგინეს, სკოლის დირექტორებმა და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულთა მიღწევებსა და სკოლის წარმატებებზე ისაუბრეს.
ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე: ,,ვულოცავ ჩვენი ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა ეს დღე განსაკუთრებულად პირველკლასელებს მივულოცო. ისინი დღეს პირველად მიდიან სკოლაში და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ. ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლები მართლაც გამორჩეულია, როგორც საგანმანათლებლო პროცესის მაღალი დონით, ასევე, წარმატებული მოსწავლეებით. ქალაქის მერია ყოველთვის მათ გვერდით დგას და ასე გაგრძელდება მომავალშიც".
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი: ,,წელს ქალაქ ოზურგეთში 350-ზე მეტი პირველკლასელი გვყავს. წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება და ეს ძალიან სასიხარულოა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელებს პორტატული კომპიუტერები წელსაც გადასცა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქში საგანმანათლებლო პროცესი ასეთი დადებითი ემოციებით დაიწყო. ვულოცავ ყველას და ვუსურვებ წარმატებას“.
წინა წლების მსგავსად ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებმა ქალაქის მერიისგან ფულადი დახმარება წელსაც მიიღეს. თანხა სკოლებს მოთხოვნის შესაბამისად გადაეცათ.
სასკოლო განათლება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. წლის მანძილზე, დამატებით, ქალაქის მერია სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა აქტივობას აფინანსებს. ასევე, აჯილდოებს წარმატებულ მოსწავლეებს. (R)