სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტსშეხვდა.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიხსენა მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში,ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდა.
დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს, ჰქონდეს რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა ევროსაბჭოში არსებულ ყველა ორგანიზაციასთან. „ჩვენ, ასევე, ადეკვატური ვართ იმ კონსტრუქციული კრიტიკის მიმართ, რომელიც ევროსაბჭოსგან შეიძლება მოდიოდეს, ვინაიდან ჩვენთვის ღირებულია ყველა ის შენიშვნა, რომელიც ქვეყნის განვითარებაში დაგვეხმარება", _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოზეც. პედრო აგრამუნტმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლები უკვე თბილისში არიან, ხოლო უშუალოდ არჩევნებს, საპარლამენტო ასამბლეიდან, 30-მდე დამკვირვებელი ეყოლება.
უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასამბლეის კრიტიკული პოზიცია რუსეთის მიმართ, საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, უცვლელი დარჩება.
სტრასბურგში მიმდინარე ორდღიან ფორუმს, რომელიც მუშაობას დღეს დაასრულებს, ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.
ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე მსჯელობენ.