ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს გიორგი კაჭარავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ პროკურატურა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. თავად გიორგი კაჭარავა ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებელი ზურაბ ჭ. გამოძიების მტკიცებით, გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.