2016 წლის „მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის თანახმად, რომელიც CATO-ს ინსტიტუტმა, ფრაზერის ინსტიტუტმა და 50-ზე მეტმა მსოფლიოს წამყვანმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნეს, საქართველოს ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა და მისი თავისუფლება 7.98 ქულით შეფასდა. ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის საქართველო მე-5 პოზიციაზეა, _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"მინდა გამოვეხმაურო ძალიან სასიხარულო ამბავს _ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფრაზერის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა ”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” 2016 წლის მონაცემები და ამ შედარებით ინდექსში მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის საქართველო მე-5 ადგილზე იმყოფება ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიცა ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2015 წელს ჩვენ ვიყავით მე-12 პოზიციაზე, 2014 წელს – მე-16, 2013 წელს _ 21-ე, 2012 წელს _ 53-ე. ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც განპირობებულია ისეთ სფეროებში წინსვლით, როგორებიცაა: ფინანსების ხელმისაწვდომობა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვა და სხვა მიმართულებები. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა, საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ჩვენგანმა მაქსიმალურად უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომ მეტი ინვესტიციები იქნას მოზიდული“, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.