"ნუ გაგიკვირდებათ, წინასაარჩევნოდ "ტვინები ცხელდება" და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ", _ ეს კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პაატა ბურჭულაძის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლითაც მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს რუსეთის უშიშროებასთან და სწორედ ამ ურთიერთობების დამსახურება და შედეგია ის ფარული ჩანაწერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, ის ეთანხმება მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ნიკა გვარამია-პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში შედის.
„ნახევარი საბჭოთა კავშირის პერიოდში ვიცხოვრე და მაშინაც არ მქონია საბჭთა კავშირის სპეცსამსახურებთან ოდნავი შეხებაც კი, ახლა შეიძლება ეს ვინმემ დამაბრალოს? როდესაც ჩვენები საუბრობენ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებშია, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს რამეს ვაბრალებთ. ვთვლი, რომ კორექტული განცხადება გაკეთდა და მეც ვეთანხმები, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში“, _ განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.