საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 19-22 სექტემბერს ეწვევა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე _ დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადილებები; ესტონეთის, საქართველოს, კორეის რესპუბლიკისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე, თემაზე _ ეფექტური ინსტიტუციები; სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თემაზე; ასევე, მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე _ ინოვაციური დაფინანსება 2030 წლისათვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში (Innovative Financing for 2030 SDGs).
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში _ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის, ასევე, სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს
შეხვდება.
მოლაპარაკებები გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენა ჰაიდთან.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება რამდენიმე ოფიციალურ მიღებას, რომლებიც დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად, აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, გაეროს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით, პრეზიდენტ კლინტონის სახელით და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართება.