როგორც ცნობილია, 2016 წელი საქართველოში შოთა რუსთაველის წლად არის გამოცხადებული. გენიალური პოეტის 850 წლი იუბილე იგივე სახალხო დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებული მოწიწებით აღნიშნავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში. აქ, სოფლის ცენტრში, დგას შოთა რუსთაველის ძეგლი, რომელსაც ახლახან რესტავრაცია ჩაუტარდა. ის 1966 წელს, მწერლის 800 წლის იუბილეზე გაიხსნა. როგორც მაშინდელი პირველკლასელები იხსენებენ, მაშინ მათ მათ საგანგებო ლექსები წაიკითხეს.
_ როგორც ვიცი, ეს ძეგლი გურიაში ერთადერთია. მისი ავტორი კობა გურულია. შესაძლოა, სხვა რეგიონებშიც არ იყოს. სასიხარულოა, რომ გასულ წელს რესტავრაცია ჩაუტარდა. წლის ბოლომდე ჩვენ, შესაძლებობის ფარგლებში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ უბადლო პოეტის იუბილე, _ ამბობს სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, ხალხური რეწვის ოსტატი, არაერთი ლექსის, ნარკვევის ავტორი, წიგნის „ჩემი ჭანიეთის“ ავტორი ქალბატონი სულიკო ლომჯარია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჭანიეთში მერაბ ბერაძე ამბობს, რომ ძეგლის გარემონტება სოფლის პროგრამის ფარგლებში მოხდა და ეს აქ მცხოვრებთა ინიციატივით გადაწყდა.
_ ერთი ლამაზი საიუბილეო ღონისძიების გამართვას ვგეგმავთ, რასაც ჩვენი ძალებით მოვახერხებთ, _ გვითხრა მერაბ ბერაძემ.