„როდესაც იმასაც ვერ ახერხებ რომ შეინარჩუნო ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც პარტიას უანგაროდ ემსახურა და მის მშენებლობაში უდიდესი როლი შეასრულა, აშკარაა რომ აღარც ლიდერი ხარ, აღარც პარტიაზე ზრუნავ და საქმე გაქვს კატასტროფულად ცუდად“, _ ასე ეხმაურება „მოძრაობა ხალხისთვის“ ყოფილი წევრი გიორგი რუხაძე, ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ პარტიის დატოვებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„პარტიიდან წამოსვლის შემდეგ 1 აბზაციც კი არ დამიწერია ფბ-ზე. არც ვაპირებდი, უბრალოდ, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ახალგაზრდული მოძრაობის მხრიდან პარტიის დატოვებას და ამაზე ბურჭულაძის მხრიდან არც თუ ღირსეულ რეაგირებას, თითქოს ახალგაზრდებმა სუსის ზეწოლის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, როდესაც ამბობ, რომ პოლიტიკაში იმიტომ მოდიხარ რომ ახალი სახეები, ახალგაზრდა პროფესიონალები მოიყვანო პოლიტიკაში და როდესაც იმასაც ვერ ახერხებ რომ შეინარჩუნო ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც პარტიას უანგაროდ ემსახურა და მის მშენებლობაში უდიდესი როლი შეასრულა, აშკარაა რომ აღარც ლიდერი ხარ, აღარც პარტიაზე ზრუნავ და საქმე გაქვს კატასტროფულად ცუდად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის შენ აღარ გეკუთვნის. ახალგაზრდობა არის პარტიის „სინდისი“ და დღეს მან დატოვა ე.წ. ლიდერიც და პარტიაც, _ წერს რუხაძე.