საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი რადიო „პალიტრის“ ეთერში, ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომ "ქართულმა ოცნებამ", თითქოს, 26 მაისის თემა საგანგებოდ, არჩევნების წინ ჩამოიღო თაროდან.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, არ უნდა დავაყენოთ საკითხი ისე, რომ იმაა, რაც ამ კადრების მიღმა ხდებოდა, რეაგირება არ მოჰყოლია.
„არ ვიცი, თაროდან ჩამოიღო, თუ სხვა წყაროდან გამოიღო. რატომ თვლით მაინცდამიანც რომ თაროდან ჩამოიღო? იქნებ დამატებით მოიპოვა? ისე ნუ დააყენებთ საკითხს, თითქოს იმაზე, რაც ამ კადრების მიღმა ხდებოდა, რეაგირება არ არის გაკეთებული და პირველად კეთდება. უბრალოდ, დამატებითი გარემოებებია, რომელიც ასევე დამატებით ქმედებებს მოითხოვს.
მოხდა დანაშაული. ძალიან ხშირად გვინახავს, როგორ უპირისპირდება პოლიცია მომიტინგეებს, მაგრამ დანაშაულებრივი დაპირისპირება და დანაშუალებრივი ქმედებები იყო იმდენად თვალნათელი, რამდენადაც უამრავი დასახიჩრებული ადამიანი მივიღეთ.
მე ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ, რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეს იმის შესახებ, რაც ხდებოდა და არ ჰქონდეს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გონს მოეგო და ახლა „შეცდომებს“ რომ ეძახის, გაითვალისწინა. ეს არის დანაშაულებების ჩამდენი ჯგუფი“, _ აღნიშნა გია ვოლსკიმ.