"ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება, კარგი ცოდნა" _ ეს განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ივანიშვილი სტუდენტები თვითმმართველობისთვის თემაზე მიმდინარე კონფერენციას ესწრება.
მან ჟურნალისტებთან ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციას ასევე ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ექსპერტები.
„მე პირადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ პროექტს. ისევე როგორც სკოლის მოსწავლეების პროექტს გახდი მოქალაქე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ორი წელია ეს პროექტი მიდის და გაგრძელდება, რამეთუ ძალიან ეფექტური გამოდგა.
მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება, კარგი ცოდნა. ჩვენს უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და ვსაჭიროებთ სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისითვის, რომ ჩვენი ქვეყანა ეფექტურად მოიმართოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კონფერენციის მიზანია კონკურსში გამარჯვებულმა გუნდებმა მუნიციპალიტეტების პრიორიტეტული საკითხების მოგვარების გეგმები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ამ სფეროს ექსპერტებს გააცნონ.