"ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონმა ბიძინამ ეს არჩევანი გააკეთა და მან გადაწყვიტა თანამებრძოლების წინააღმდეგ ასეთი სტილით გალაშქრება. მე არ მინდა მას ამ ტიპის ურთიერთმტრობაში ავყვე. მინდა დავრჩეთ პოლიტიკური დისკუსიის და დებატების ფორმატში.
ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა მიწოდოს მან უსაქმური, მატყუარა, არ ვიცი კიდევ სხვა ტერმინები, მე ვაპირებ გავაგრძელო მასთან პოლიტიკური დებატები" _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გადაცემაში “360 გრადუსი“.
მისივე თქმით, ის მზად არის ბიძნა ივანიშვილთან პოლიტიკური დებატები გამართოს:
_ ვისაუბროთ იმაზე რატომაა აუცილებელი მრავალპარტიული პარლამენტი; რატომაა პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელი; რატომ არ არის სწორი პარლამენტში იმ ხალხის შეყვანა, ვინც დღესაც სხედან პარლამენტში და არაფერს აკეთებენ; რატომ არ არის სწორი პარლამენტში იმ ხალხის შეყვანა, ვინც თავისი ბიზნესის გაგრძელებას აპირებს მხოლოდ და არა ქვეყნის სამსახურს პარლამენტში.
რატომ აღმოჩნდა, რომ ბრძოლაში ერთად წასული პარტნიორები, რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ფორუმელები, დღეს აღარ არიან საინტერესო და საჭირო გახდა ჩვენი გვერდზე გაწევა. სამაგიეროდ, უფრო ღირებულნი გახდნენ მოწინააღმდეგეს ბანაკიდან აქეთ გადმობარგებული ხალხი;
ბიძინა ივანიშვილთან მე ამ თემებზე პოლიტიკური დებატებისთვის მზად ვარ.
არ ვარ მზად და არ ვიქნები მასთან იმ ტიპის არაპოლიტიკურ პაექრობაში ჩასართავად, რომელიც ჩემს და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ, ასევე სხვა პარტიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ წამოიწყო.
მე მგონია, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც ბატონ ბიძინას გაუჭირდა იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის ზიდვა, რომელიც მან თავის მხრებზე აიკიდა და ახლა, ამ პოლიტიკური გეზის ცვლილების პროცესში, ის იძულებულია შეცვალოს გუნდი, ხალხი და სამწუხაროდ მან ეს საქმე არასწორად წაიყვანა.
მინდა ვიკამათოთ იმაზე, რატომ ჰგავს გაჭრილი ვაშლივით ტაქტიკურად მიშა სააკაშვილის პოლიტიკა 2004 წელს და ”ქართული ოცნების” პოლიტიკა?
როდესაც ძველი პარტნიორები აღარ მოინდომეს, მაშინაც და ახლაც, ყველა პარტიას უთხრეს, გააუქმეთ თქვენი პარტიები, გადმოდით ჩვენთან და ერთი პარტია იქნება ამ ქვეყნის გადამრჩენელი;
იმაში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდოდა ორივეს მოსვლა, იმიტომ, რომ სხვა პარტია მაშინ სააკაშვილისთვის რეფორმების შემაფერხებელი იქნებოდა, ახლა კი ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი იქნება.
და ბოლოს, მე არ გამიხარდება ის, თუ ხვალ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ნაკლები ფასი ექნება, რადგან ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე.
ამიტომ არ მიხარია და არ ვარ დაინტერესებული იმაში, რომ ის ადამიანი, ვის ხელშიც ჯერ კიდევ არის ამ ქვეყნის სახელისუფლებო და საძალაუფლებო გავლენების საკონტროლო პაკეტი, აღმოჩნდეს არაავტორიტეტული, იმის გამო, რომ დავით უსუფაშვილი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი." _ განაცხადა უსუფაშვილმა.