ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალის შესასვლელში დადგმული ბანკომატით მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ. კარგა ხანია, აქ ბანკომატი შეფერხებით მუშაობს, კერძოდ, სენსორულ დაფაზე ჭირს ციფრების აკრეფა, კონკრეტულად, რიცხვების: „3“ და „9“. ამ დროს რიგში მდგარი მომხმარებლები გამეტებით უკაკუნებენ ან ანჯღრევენ დანადგარს. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ბანკომატის გაუმართაობა დროს ართმევთ.
_ შეაკეთონ ან საერთოდ აიღონ აქედან, _ ამბობენ ისინი.
ჩვენ ბანკომატის შეფერხებით მუშაობის მიზეზის შესახებ, ბანკის დაცვის თანამშრომლებს ვკითხეთ, რომლებიც ყოველდღე ხედავენ ასეთ სურათს.
_ მიზეზი ის არის, რომ სენსორიან დაფას ფრთხილად კი არ აჭერენ თითს, უხეშობენ, არ ელოდებიან ციფრის გამოსახვას. მაისის შემდეგ მეექვსედ გამოცვალეს ეს დანადგარი. უდიერად ეპყრობიან მოქალაქეები. განსაკუთრებით ღამით, როცა ბანკი იკეტება და ბანკომატი ფაქტიურად გარეთ რჩება, _ გვითხრეს მათ.