22 სექტემბერს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ძმების _ ნოდარ და თორნიკე თავბერიძეების სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ ბრალი ედებოდათ სსკ-ის 353 მუხლის პირველი ნაწილით. თავბერიძეებს, პოლიციელებზე წინააღმდეგობის გაწევაში, კონკრეტულად კი მათ ცემაში ადანაშაულებდნენ.
აღნიშნულ პროცესზე, დღეს, მოსამართლე გიორგი ზვიადაძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. თორნიკე თავბერიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო მის ძმას ნოდარ თავბერიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მათი უფლებადამცველის, მანუჩარ გოგრაჭაძის თქმით, მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არასამართლიანია:
“არ ვეთანხმებით, მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ იყო საკმარისი ბრალდებულების მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. ველოდებით დასაბუთებულ განაჩენს, რაც სასამართლოს ვალდებულებაა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ განაჩენი სამართლებრივ ნაწილში დასაბუთებული ვერ იქნება. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ თუ არა სააპელაციო სასამართლოში“, _ ამბობს გოგრაჭაძე.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 2016 წლის 8 იანვარს, გამთენიისას, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები, 18 წლის თორნიკე და 19 წლის ნოდარ თავბერიძეები დააკავეს.
ნოდარ თავბერიძეს პოლიცია სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტს ედავება, მას, ასევე, პოლიციელების ცემა და წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.
თორნიკე თავბერიძეს, "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება, პოლიციაში მიყვანის დროს კი სასტიკად სცემეს.
აღნიშნულ ფაქტს ჩვენთან საუბრისას 18 წლის მოზარდი და მისი უფლებების დამცველი მანუჩარ გოგრაჭაძეც ადასტურებდნენ:
"შობის ღამე იყო, ჩემს ძმას ვახლდი მაღაზიაში. სრულიად უმიზეზოდ ჩამსვეს მანქანაში, წამოგვყევიო და წამომიყვანეს პოლიციაში. დაკითხვის დროს მცემეს, სანამ იზოლატორში მომათავსებდნენ, მანამდეც მცემდნენ, თან მთხოვდნენ, რომ მეთქვა, სად იმყოფებოდა ჩემი ძმა. გვითხარი, რას აკეთებდა ქალაქშიო, აღიარე, შენ აქ რა გინდოდაო. მერე გირაოთი გამომიშვეს", _ ამბობს თორნიკე თავბერიძე.
დაზარალებულის ინტერსების დამცველი მანუჩარ გოგრაჭაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ თორნიკეს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან:
"რა თქმა უნდა, ძალადობა მოხდა, იყო ცემის ფაქტები, რაც არ შეიძლება, თუნდაც რეალური დამნაშავე იყოს. მთავარი ისაა, რომ თორნიკე არაფერ შუაში არ არის. ისეთი ნაცემი იყო, რომ ერთი კვირა საჭმელს ვერ ჭამდა.
თორნიკეს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას და სხეულის დაზიანებას ედავებიან პოლიციელების მიმართ. ნოდარს კი სსკ-ის 353 მუხლით აქვს აღძრული საქმე", _ ამბობდა ჩვენთან საუბრისას გოგრაჭაძე.
მისი თქმით, "პირველად დაიჭირეს თორნიკეს ძმა, ნოდარი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით. თორნიკეც იმ დროს ქალაქში იყო. ეს აიყვანეს სულ სხვა ტერიტორიაზე, შეეშალათ, პოლიციელებს ინფორმაცია სხვანაირად ჰქონდათ, ეს ასე ვთქვათ, მოჰყვათ ხელში და ჩაუტარეს ჩხრეკა. ეს ხომ რამენაირად უნდა "გაეპრავებინათ", ამის გამო ცემეს, როცა პოლიციაში წაიყვანეს, ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. ედავებიან პოლიცილების ცემას, ამ დროს იქ იყო 15 პოლიციელი, ოთხიდან ორი პოლიციელი _ ჩაფიჩაძე და ხაბულიანი ცემეო, აბსურდია ეს ყველაფერი. პირიქით, ეს იყო გალახული, სტუდენტი, პატიოსანი ბავშვი“.
ადვოკატი მანუჩარ გოგრაჭაძე ამბობს, რომ საქმეში დევს მხოლოდ პოლიცილების ჩვენება და არანაირი სხვა მტკიცებულება არ არსებობს:
"პოლიციელები ამბობენ, ჩვენ გვცემაო, სხვა მტკიცებულება არ არის საქმეში. დასაბუთებული ბრალდებაც კი არ არის, წარმოიდგინეთ, პროკურორმა უნდა მოიყვანოს სასამართლოზე მოწმედ პოლიციელები, რომ ხომ გცემათო", _ ამბობდა გოგრაჭაძე.
შსს პრესსამსახურში პოლიცილების მიერ მოზარდზე ძალადობის ფაქტს არ ადასტურებდნენ.