დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე რენატე ფაიჩთან.
გიგი გიგიაძემ ჰაიკე ფაიჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველო-გერმანიის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც მრავალ განზომილებას მოიცავს. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა დიპლომატს გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ასეთი თანადგომის მნიშვნელობას განსაკუთრებით თანამედროვე გამოწვევების ფონზე. მან გერმანიის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარების შესახებ.
ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის და, კერძოდ, საქართველოში გერმანული ინვესტიციების შემდგომი წახალისების ისევე, როგორც ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე.