რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრით საერთაშორისო სამართალი დაარღვია, მოგვიანებით, იგივე განმეორდა უკრაინაში, თუმცა, გაერო-მ ეფექტური რეაგირება მაინც ვერ შეძლო, განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე.
"ნათელია, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. 6 წლის შემდეგ, 2014 წელს, ჩვენ ამის გამეორება უკრაინაში ვნახეთ. პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საზღვრები ევროპაში ძალის გამოყენებით შეიცვალა. გაერო-ს წესდება უხეშად დაირღვა, თუმცა გაერო-მ ეფექტურად რეაგირება ვერ შეძლო. უკრაინაში რუსეთის აგრესია კვლავ გრძელდება. უკრაინის და საქართველოს ტერიტორიები უცხოელი სამხედროების მიერ კვლავ რჩება ოკუპირებული, მაშინ როცა მთიან ყარაბაღსა და დნესტრისპირეთში გაყინულ კონფლიქტებთან გვაქვს საქმე“, _ განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
როგორც ტომას ჰენდრიკ ილვესმა აღნიშნა შეუძლებელია შეაჩერო ყველა არსებული კონფლიქტი, მაგრამ შესაძლებელია შეარბილო შედეგები.