როგორც ცნობილია, მალე ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება.
"ჩვენი შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები, შესაძლოა, სამ წლამდე გაიწელოს, რადგან საფუძვლიანი რემონტი ჩატარდება ფუნდამენტიდან სახურავამდე. ამიტომ დღეს თეატრი არის საევაკუაციო მდგომარეობაში. უახლოეს დღეებში უნდა დავცალოთ შენობა. ვეძებთ ძალიან ინტენსიურ საწყობებს, სათავსოებს. 3000-ზე მეტი მარტო კოსტიუმი ანუ მსახიობთა გარდერობი, ასევე რეკვიზიტები, დეკორაციები, ინვენტარი გვაქვს თეატრში. გვჭირდება ძალიან დიდი ფართი, სადაც შეიძლება გავხიზნოთ თეატრი. გარკვეული დროით გვექნება საშუალება, ვიმუშაოთ მცირე სცენაზე. ასევე, ვფიქრობთ, გამოიძებნება სათეატრო სივრცე. ჩვენი სადადგმო თანხებიდან 50 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაა. ამიტომ სიამოვნებით ჩავალთ ჩვენს სოფლებში, სადაც კლუბები ფუნქციონირებს. ჩვენ ამის უდიდესი ტრადიცია გვქონდა _ წარმოდგენა გაგვიმართავს, როგორც კლუბებსა და სასახლეებში, ასევე, ჩაის პლანტაციებში, რაც იყო კარგი ნიშანი ჩვენი და მაყურებლის ურთიერთობისა", _ გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ.
რაც შეეხება თეატრის შემოქმედებას და თეატრალური სეზონის გახსნას, ვასილ ჩიგოგიძე ამბობს, რომ ეს უპირველესია. მალე, 28 სექტემბერს გაიხსნება 149-ე თეატრალური სეზონი, ბატონ გიზო ჟორდანიას ბოლო პრემიერით, „ბოშები“, ნოდარ დუმბაძის მიხედვით და 30 სექტემბერს _ ახალი პრემიერით, რომელიც მოწვეულმა რეჟისორმა ლალი თაბაგარმა და სადადგმო ჯგუფმა დადგეს ბავშვებითვის: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“.
ვასილ ჩიგოგიძემ, ასევე, ისაუბრა დიდი სარესტავრაციო სამუშაოების პერიოდში მოსალოდნელ პრობლემებზე, რაც პირველ რიგში არის ის, რომ ტრანსპორტის უდიდესი პრობლემა შეიქმნება. ამიტომ გადაწყვეტილი აქვს, ახალი ბიუჯეტის შედგენისას , ქალაქსაც და მუნიციპალიტეტის გამგეობებს სთხოვოს, წილობრივად შეუძინონ თეატრს ერთი მიკროავტობუსი მაინც.
_ აქვე მინდა განვმარტო, რომ ამ რეაბილიტაციის თაობაზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ფონდ „ქართუსთან“ შეთანხმებული ვიყავით სამი წლის წინ. ველოდებოდით ბათუმის თეატრის დამთავრებას. მადლობელი ვართ ბატონ ბიძინა ივანიშვილის, ვინც დააჩქარა ეს პროცესი. ვსაუბრობ, ოზურგეთში, 5 სექტემბრის შეხვედრისას მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. მთელი თეატრის კოლექტივი აღფრთოვანებულია. ახლა შემოაქვთ შემოღობვითი სამუშაოების მასალები. გუშინ კიდევ ერთხელ, არქიტექტორთან ერთად, სკურპულიოზურად აიზომა შენობა იმის გათვალისწინებით, თუ სად რა განთავსდება. დარწმუნებული ვარ, გურულებს გვექნება სახელმწიფო თეატრის საამაყო შენობა, _ გვითხრა ვასილ ჩიგოგიძემ.