პოლიტიკაში დღეს სულ ეძებენ მესამე ძალას, შუაშისტები ვისაც ჰქვიათ, ხშირად ასეთ პარალელებს ავლებენ, არ ვარგოდა სააკაშვილის მთავრობა, არ ვარგა არც კვირიკაშვილის მთავრობა, ვიღაც მესამე ძალა უნდა ნახონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საზოგადოების დიდ ნაწილს მოვლენების სწორად აღქმა უჭირს.
„დღეს რა ხდება პოლიტიკაში, სულ ეძებენ მესამე ძალას, შუაშისტები ვისაც ჰქვიათ, ხშირად ასეთ პარალელებს ავლებენ, არ ვარგოდა სააკაშვილის მთავრობა, არ ვარგა არც კვირიკაშვილის მთავრობა, ვიღაც მესამე უნდა ვნახოთ. ასეთ მარტივ პარალელებს ავლებენ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები იმასაც ამბობენ, იყო სააკაშვილი, იყო ივანიშვილიც და არც ერთი არ წავიდა, ასეთ აბსურდულ დასკვნას აკეთებენ.
საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს აღქმა, მოვლენების ანალიზი, ამის ობიექტური მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ დიდი ხანია, არ გვიმართავს ჩვენი ქვეყანა, შესაბამისად, საზოგადოებას არ აქვს პოლიტიკური განათლება და ხშირად პოლიტიკოსებსაც აკლიათ ეს. საზოგადოების ერთ ნაწილს უჭირს ისევ, როგორც უჭირდათ, თუმცა აშკარა პერსპექტივა გაჩნდა და ამას ყველაზე მეტად ხედავთ თქვენ. თქვენ მაქსიმალური უნდა გააკეთოთ, რათა ეს შევინარჩუნოთ და განვვითარდეთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს კითხვებით მიმართა და აღნიშნა, რომ მათ უფრო მეტი მოეთხოვებათ.
„გეკითხებით თქვენ – აკეთებთ უფრო მეტს, ვიდრე საჭიროა? რადგან თქვენ უფრო მეტი მოგეთხოვებათ. თქვენ მეტი იცით, მეტს ხედავთ, სწორ ანალიზს აკეთებთ, ქონებრივადაც დაკმაყოფილებული ხართ, მეტი ზრუნვაც გმართებთ ამის შესანარჩუნებლად, თუ ჩვენ მასებისგან არ განვსხვავდებით, თუ ჩვენ ისევ ისტორიული მახსოვრობის იმედზე ვართ. ამას ისტორიულ მახსოვრობას ხშირად ვიყენებ, რომ ჩვენ ვართ ბებერი ძველი ერი. ჩვენ სისხლში და გენეტიკაში გამჯდარი ის ისტორიული მახსოვრობა, რაც ჩვენ ჩვენი ყოფით გამოვიმუშავეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.