ახლახანს, აქ მოვიდა სახლის პატრონი მაკარ მშვიდობაძე, რომელსაც ქირავნობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული კომპანიასთან. როგორც კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, პოლიცია ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მეპატრონეზე და ხელი მოაწერინოს გაურკვეველ დოკუმენტზე, რაზეც ის უარს აცხადებს.
ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით გვიმბალაურის რწმუნებულს ნიკო იმნაძეს და ამ მოვლენასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. მან განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცის. მიუხედავად იმისა, რომ მას წარმოდგენაც არ აქვს მის ზონაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაგვპირდა, რომ სულ რამდენიმე წუთში მოვიდოდა შემთხვევის ადგილზე. მაგრამ ამ საუბრიდან თითქმის ერთ საათზე მეტია გასული, იგი კი კვლავ არ გამოჩენილა.
დაყადაღებული სახლიდან სულ ორასიოდე მეტრში გვიმბალაურის დეპუტატი ლანჩხუთის საკრებულოში ლევან იმნაძე ცხოვრობს. ხალხის მიერ არჩეული პირი სრულ იგნორირებას უკეთებს მოვლენებს და მობილურ ტელეფონსაც არ პასუხობს.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, სანამდე აპირებს პოლიცია შიდაპატიმრობაში მყოფი 15 ადამიანის გათავისუფლებას.