უკვე 23 წელია, რაც 27 სექტემბერი ენგურსაქეთა საქართველოსთვის გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა, ხოლო ენგურს იქით _ ქართველებზე გამარჯვების დღე.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა, 15 ლანჩხუთელი მეომარის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების სულის მოსახენებელი პარაკლისი ლანჩხუთში აგარაკის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღევლინა, რომელსაც გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.
ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ცინცაძემ, ვეტერათა სამსახურის წარმომადგენელმა შოთა ფირცხალაიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა საფლავები და ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლაში არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ომში დაღუპულთა ოჯახებს სიმბოლური თანხაც გადასცა.