REUTERS-ის ინფორმაციით, ავღანეთის ქალაქ კუნდუზში სამხედრო ბანაკში მომხდარი შიდა თავდასხმის შედეგად ძილის დროს 12 ავღანელი სამხედრო დაიღუპა.
კუნდუზის პოლიციის მეთაურის, შერ აზიზ კამაუალის განცხადებით, ღამე მომხდარი თავდასხმის შემდეგ 2 სამხედრო ბანაკიდან გაიქცა.
მისივე ინფორმაციით, გაქცეულ სამხედროებს „თალიბანთან“ კავშირში ედებათ ბრალი.
გავრცელებული ცნობით, ქვეყანაში როგორც ავღანეთის, ასევე საერთაშორისო სამხედრო ძალების ბანაკებში შიდა თავდასხმები ხშირია, რაც ნდობასა და მორალს ძირს უთხრის.
როგორც ცნობილია, დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და მხარდაჭერილი ავღანეთის სამხედრო ძალები სხვადასხვა მეამბოხეთა ჯგუფებს ებრძვიან, მათ შორის „თალიბანსაც“, რომელიც აცხადებს, რომ ისინი ქვეყნიდან უცხო ქვეყნის ჯარების განდევნისთვის და ფუნდამენტალისტური მუსულმანური რეჟიმის აღდგენისთვის იბრძვიან.