სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებიც ინტერნეტით გავრცელებულ ჩანაწერში ფიგურირებენ, დაკითხვაზე იბარებს.
როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მათ შესაბამისი უწყებები დღესვე გადაეცემათ.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
“მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ”, _ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.