შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადის ათვლა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაიწყება, ბრალდებულის დაკავების მომენტიდან.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
დაცვის მხარე გია ლორთქიფანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. როგორც ადვოკატებმა პროცესზე განმარტეს, არავითარი საფუძველი ოდესის პოლიციის უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, არ არსებობდა.
ადვოკატებმა სასამართლოს ლორთქიფანიძის საქართველოში ჩამოსვლის მტკიცებულებად საქართველოს მიმართულებით 15 ოქტომბრისთვის ნაყიდი ავიაბილეთიც წარუდგინეს.
„15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში“, – ამის შესახებ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სასამართლოში მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა წაიკითხა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გია ლორთქიფანიშე მზადაა გამოცხადდეს როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოებში, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად.
თბილისის საქალაქო სასამართლო ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურორები ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ იმ გარემოების გამო, რომ გია ლორთქიფანიძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიმალვაში იმყოფება.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად კი ოდესის პოლიციის უფროსს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წაუყენეს. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და მას საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისთვის გონივრული ვადა მიეცა, თუმცა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა.