ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, რომელიც ამ ეტაპზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, "გურია ნიუსის" ყოველდღიურ გადაცემაში "ა'რჩევანი" „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსთან, გია გოგუაძესთან დებატებში კატეგორიულად უარყო, რომ წინა საარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა მისამართით ზეწოლა ხორციელდება.
„ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს ქალაქის ცენტრში, საკუთარ სახლზე კაკო ჩხაიძის ბანერი აქვს გადმოკიდებული. დავექადნე?!“, _ თქვა ურუშაძემ ოპონენტის მხრიდან გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.
პირი, რომელზეც ურუშაძემ ისაუბრა და რომელსაც ლანჩხუთის ცენტრში მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლის აივანზე მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, აკაკი ჩხაიძის ბანერი აქვს გამოკრული, ა(ა)იპ „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი გელა ზოიძე გახლავთ.
გარდა ბანერისა, ზოიძისვე კუთვნილ კერძო საოფისე ფართშია განთავსებული დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის აკაკი ჩხაიძის სააჩევნო შტაბიც. როგორც ზოიძე ამბობს, ხელშეკრულებაში, რომელიც ფართის ქირავნობასან დაკავშირებით მას და ჩხაიძის შორის გაფორმდა, ბანერის განთავსებაც იყო განსაზღვრული.
„ის, რომ ჩემი სახლის აივანზე აკაკი ჩხაიძის ბანერია გაკრული, ამაში განსაკუთრებული არაფერია, აივანი ქალაქის ცენტრშია და მთხოვაა, სარეკლამო ბანერს განვათავსებო. აივანი ბევრია, ჩემთან თუ არა, სხვაგან გამოაკრავდა. შეიძლება, ზოგს არ მოსწონს ეს, თუმცა, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს.
რაც შეეხება ზაზა ურუშაძეს, ბანერის გამოკვრისა და ფართის ჩხაიძისთვის მიქირავების შემდეგ მქონდა რამდენჯერმე მასთან შეხვედრა, თუმცა, ამ საკითხზე საერთოდ არაფერი თქმულა, მისგან არანაირ პრეტენზიას არ ჰქონია ადგილი, არც სხვებისგან. ერთიცაა, დღეს წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით წინასაარჩევნოდ უფრო თავისუფალი გარემოა“, _ ამბობს გელა ზოიძე.
სტატია ქვეყნდება პროექტის _ "გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.