როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან ატყობინებენ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ლ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო „ტატოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული ო.ყ., ხოლო გულმკერდის არეში _ 2000 წელს დაბადებული ა.ბ, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი _ დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).