ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის და გვიცავს სავალალო შედეგებისგან: მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და ტოქსინები. კარგია მისი ახალგამოწურული წვენის დალევაც. ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, A, B1, C ვიტამინებს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, მანგანუმს, სპილენძსა და თუთიას, რაც აძლიერებს იმუნიტეტს.
იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს, ვიტამინები სტიმულს აძლევს ორგანიზმს ანტისხეულების გამოსამუშავებლად, ეს კი აძლიერებს გამძლეობის უნარს, გვიცავს სხვადასხვა ინფექციისა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.
ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს – კუჭში დალექილი ნიტრატები წარმოქმნის კანცეროგენურ ნივთიერებებს, მასში შემავალი C ვიტამინი კი აფერხებს მათ წარმოქმნას. ასევე, თუ ყოველდღე ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, ამით თრომბის წარმოქმნის რისკსაც შეამცირებთ.
უზმოზე ფორთოხლის ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, საუზმეზე დალეული ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი კი ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. სამხარზე აუცილებლად ფორთოხალი კანიანად მიირთვით, რადგან, მის ქერქში არსებული პექტინები ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს აკონტროლებს.