ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, მეწყერი გუშინ ჩამოწვა.
გუშინვე, ჩვენთან საუბრისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ილია ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ 25 ოჯახი იყო სოფელს მოწყვეტილი და ხელისუფლება მათ დასახმარებლად ყველანაირ ზომას მიმართავდა.
მეწყერსაშიში ზონა და დაზარალებულები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმაც მოინახულა. მაგრამ ზედობნის უბნამდე არავინ მისულა. ადამიანები დახმარებას ითხოვენ.
ზედობნის მცხოვრებლების თქმით, დაახლოებით, 80 – იდან 100 – მდე ოჯახია სოფელს და მთლიანად გარესამყაროს მოწყვეტილი. აღარ არსებობს სამანქანო გზა, მოსახლეობა ვერ უკავშირდება ცენტრალურ გზას სოფელში. მეწყერი ზედ გზაზეა ჩამოწოლილი. საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოყოლია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წვიმის ეშინიათ. სოფელში ჩარჩენილები არიან მოხუცები და ბავშვები.
სავალალო მდგომარეობა სახლებში, დაბზარულია ყველაფერი და ღამის გათევაც დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ამ უბნამდე ვერ მიდის სასწრაფო დახმარების მანქანა.
ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, მას ახალნაოპერაციევი დედა ჰყავს, რომელიც საავადმყოფოში ვერ მიყავს.
ვრცელ რეპორტაჟს და ფოტომასალას სოფელ შრომიდან “გურია ნიუსი” უახლოეს საათებში შემოგთავაზებთ.