დღეს რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესა აღავლინა. ლოცვა ჩატარდა ლათინურ, ქართულ და არამეულ ენებზე.
"თქვენი მშვენიერი ქვეყნის საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია" , _ ამ სიტყვებით დაიწყო რომის პაპმა გამოსვლა, რომლითაც მან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილებს მიმართა. რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორიცაა ნუგეშისცემა, თანადგომა გაჭირვებაში მყოფის, ურთიერთპატივისცემა, ღმერთისა და ადამიანის სიყვარული.
“ღმერთი გაცილებით მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს. საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას და ღვთიური ნუგეშის მაცოცხლებელი წყალი მიაქვთ უამრავ გაუდაბურებულ და მტრულ ვითარებაში. ეს გვეხმარება უკეთ შევიცნოთ სილამაზე დღევანდელ პირველ საკითხავში მოსმენილი უფლის სიტყვებისა: როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მეც. როგორც დედა იტვირთავს ხოლმე თავისი შვილების სიმძიმესა და გასაჭირს, ასევე ღმერთიც აღიღებს ჩვენს ცოდვებსა და საზრუნავს. იგი გვიცნობს და უსაზღვროდ ვუყვარვართ, მგრძნობიარეა ჩვენი ლოცვებისადმი და გვიმშრალებს ცრემლებს. როდესაც გვიმზერს, გული ულბება, უჩუყდება, ღრმა სიყვარულით ევსება, რადგან, რაოდენი ბოროტების ჩამდენიც არ უნდა ვიყოთ, მაინც მისი შვილები ვართ _ სურს ხელში აგვიყვანოს და დაგვიცვას, საფრთხეებსა და ბოროტებას განგვარიდოს. დაე, ჩვენს გულებში გაჟღერდეს ეს სიტყვები, რომლითაც დღეს მოგვმართავს: “როგორც დედა ანუგეშებს შვილს, მეც ისე განუგეშებთ”, _ განაცხადა რომის პაპმა.