„გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკებების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის", _ განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რითაც გორში, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე მომხდარს პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირებს.
ირაკლი კობახიძე გამორიცხავს ამ ინციდენტში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მონაწილეობას, მით უმეტეს, „ქართული ოცნების“ ლიდერების კავშირს.
„გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკებების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის და, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა მძიმე ინციდენტი, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაჭრაში. ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული. ქმედების მოტივი იყო არა პოლიტიკური, არამედ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაპარაკების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და გორის კონკრეტულ მოსახლეებს შორის“, _ აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა.