დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცეს.
2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოხდა 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელ სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა, მათი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად.
"ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით ქვემო ქართლის რეგიონში სახლი უკვე 239 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა. ეს პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, საკუთრების მფლობელი 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი გახდება.
საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტის პარალელურად, სამინისტრო 2013 წლიდან, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში 55 სახლი შეისყიდა. საქართველოს მასშტაბით კი, საცხოვრებელი სახლი 306 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა", _ აცხადებენ უწყებაში.