გურულები მუდამ განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას _ ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლის. მაგიური ძალა ჰქონდა ჩიჩილაკს, გადამდები სიხარულით აგავსებდა და ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, თურმე. თოვლის პაპაც ჰყავდათ გურულებს _ თეთრნაბდიანი, თეთრწვერა, ყაბალახიანი ბაბუა, რომელსაც გუდაში ბავშვებისთვის ჩურჩხელები, ნაზუქები, ჩირი, გოზინაყი და ხის თოჯინები ჩაეწყო.
ერთი კვირით ადრე ემზადებიან გურიაში კალანდის შესახვედრად. საბა იმასაც ამბობს, კალანდა წლის თავია, “რომელთა იმძნიანო”. მძნა თავის მხრივ, “ბოროტად დათქმაა” და კარგად მოგეხსენებათ, როგორ იცავდნენ და იცავენ გურულები წინაპართაგან გადმოცემულ ადათ-წესებს. ამიტომ კალანდასაც შესაშური სიუხვით ხვდებიან: იკვლება საკალანდოდ საგანგებოდ გასუქებული ღორი, ქათმები, ინდაური, ბატი თუ იხვი; იზილება ღომი, ცხვება კეცის მჭადები და ჭყინტყველიანი ხაჭაპურები, უტკბილესი ნაზუქები; კეთდება თითებჩასატკვერი საცივი. დედები და ბებიები გადანახულ ჩურჩხელებსა და ჩირებს გამოამზეურებენ, ადესისა და კამურის მათრობელა სუნი იგრძნობა ჰაერში, ჭურიდან დოქში, დოქიდან თლილ ჭიქებში მირაკრაკებს ბახუსის გურული სითხე, ეწყობა ტაბლა. მხიარულად გიზგიზებს ბუხარი. საქეიფოდ ემზადებოდა ოჯახის თავი, რომელიც, მინიმუმ, ათი დღე მაინც არ ეკარებოდა ღვინოს _ თავს ინახავდა საკალანდოდ. 12 საათის მოსვლამდე ყველანი მორთულ-მოკაზმულები გაწყობილ სუფრას შემოუსხდებიან და თითებზე ითვლიან ახალ წლამდე დარჩენილ წამებს. დადგება ეს ნანატრი დრო, გავარდება ფიშტო, აყეფდება ეზოს ძაღლი, დაიგუგუნებს ხასანბეგურა, კრიმანჭულს იტყვის ვიღაცა და აიწევა პირველი ჭიქა გურული გლეხის ოჯახში: მშვიდობას გაუმარჯოს, ხალხოო, ღმერთმა სიკეთე და სიუხვე ნუ მოგვაკლოსო, დაილოცება და სტუმრებს დაელოდება.
მერე ალილოზე გადადიან ერთმანეთთან, სიმღერ-სიმღერ, სიმთვრალეშეპარულები ბანცალ-ბანცალ მიუყვებიან კრიმანჭულივით ჩახლართულ შუკებს. არის გაუთავებელი მილოცვა-დალოცვები, ღვინის სმა და ამდენი სიმღერისგან ქანცგამოცლილ გურულებს სადაც უღამდებათ, იქ უთენდებათ. ხარობენ გურულები, მომავლის იმედითა და ერთმანეთის სიყვარულით ხვდებიან კალანდას, თვრებიან და ისეთი კარგები არიან, მათი შემყურე ქვევრში დამალული ჭინკა გულიანად იცინის. გადამდები სიხარულით ავსებს ადამიანს გურული მაყარივით დიდებულად მორთული ჩიჩილაკი.
მამათელი ჯემალ დობორჯგინიძე ძველ ნამდვილ გურულ ტრადიციებს არ ღალატობს და კალანდის შესახვედრად კვლავინდებურად ისე ემზადება, როგორც ამას ათწლეულების წინათ აკეთებდა. ისიც გავიგეთ, რომ მეკვლედ ადრე ხშირად ეძახდნენ და იღბლიანი ფეხი ჰქონია. მართალია, დღეს ბატონი ჯემალის სამეზობლოში სახლები დაკეტილია და მეკვლეობა აღარ უწევს, მაგრამ ჩვენ ის მთელი საქართველოს მეკვლედ მოვიპატიჟეთ.
მაშ ასე, რა ტრადიციები აქვთ და როგორ ხვდებიან კალანდას გურულები იქ, სადაც შემორჩენილია ძველი ტრადიციები.
პირველი კალანდა
1943 წელი _ ძალიან პირქუშად მახსოვს კალანდის მოახლოება. ომის პერიოდია, ძალიან ცივი ზამთარი იდგა. დედაჩემი საოპერაციოდ ბათუმში წავიდა. მახსოვს, თოვლი საკმაოდ მოვიდა. ახალი წლის წინა დღეს ტურები კივილ-კივილით შემოვიდნენ ეზოში. ბებიამ თქვა, არ ვარგა ტურების კივილიო. ბათუმში მაშინ ბომბიც ჩამოაგდეს. ეს ომში გარდამტეხი წელი იყო. მამაჩემი ბრძოლებში მონაწილეობდა, ომის შემდეგ დაგვიბრუნდა. სიღარიბე იყო და გაჭირვება, მაგრამ, სამაგიეროდ, არ გვაკლდა დედის სითბო და ოჯახის სიყვარული. ნაძვის ხისა და ამგვარების საშუალება არ გვქონდა, არც ღორი დაგვიკლავს, მაგრამ დიდი ქათამი დავკალით. ზოგს ესეც არ ჰქონდა.
მეკვლე
მეკვლედ დიდი რომ ვიყავი, მაშინაც კი დავდიოდი. ახლა აღარ დავდივარ. ჩვენს კუთხეში 5 ოჯახია და აქედან ოთხი ცარიელია. წასულები არიან ქალაქებში. კალანდის მეორე დღეს ბედობა იყო. ხელში ღომისა და სიმინდის მარცვლები გვქონდა, ჩხოს ეძახიან. საერთოდ, ჩემს ოჯახში დღესაც ასეა _ დილით კაცი უნდა ადგეს, საყოლს მიხედოს, გააჩაღოს ცეცხლი კერაზე და ოჯახი მოიწვიოს. ბედობა დღეს წაღმა დავდიოდი კერიის გარშემო და შემდეგ სიტყვებს ვამბობდი: “ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროში, ეწერში გვიმრა, ზღვაში ქვიშა, ღმერთმა იმდენი ქათამი მოგცათ”.
5-6 წლის ვიყავი, პირველად მეკვლედ რომ წავედი. ცუდი ფეხი არასდროს მქონია, სულ კარგად ჰქონდათ დაცდილი და ბევრი მიწვევდა. ჩემს სახლში, რა თქმა უნდა, მეკვლე მე ვიყავი. ბევრი მეზობელი ჩემზე ამბობდა, აი, იმფერი მუუსვენარია, კრუხი არ დაჯდებაო, მაგრამ კაი ფეხი აქვსო და მაინც მეძახდნენ.
14-ში და არა პირველ იანვარს!
გურულები კალანდას ძველით, 14 იანვარს ვითენებდით. 7-ში შობას აღვნიშნავდით, ღვეძლებს დავაცხობდით, ღორს დავკლავდით. ცხემლისჭრას ეძახიან კალანდის წინა საღამოს. თუ ცხემლა არ გქონდა, კაი შეშა მაინც უნდა დაგენთო. პატარები ვცდილობდით რცხილის შეშა შეგვეგროვებინა. აუცილებელი იყო ჩიჩილაკი გქონოდა, რომელიც უნდა მოირთოს სუროსა და კურკანტელას მარცვლებით, კანფეტებით.
ჩიჩილაკი
ჩიჩილაკი თხილის ხიდან კეთდება, უნდა იყოს რამდენიმე წლის სწორი ხე. სპეციალური პირბასრი იარაღი არის, მოკაუჭებული და ამ იარაღით მაქსიმალურად ცდილობ, ისე ჩამოთალო ხე, ბევრი ბურბუშელა გაკეთდეს. ამას ეძახიან წმიდა ბასილას წვერებს. ახლა ნაძვის ხესაც ვრთავთ საახალწლოდ, მაგრამ ჩვენი ტრადიციული მაინც ჩიჩილაკია. ის ყოველწლიურად უნდა შეიცვალოს. ამბობენ, თითქოს ჩიჩილაკი უნდა დაწვა ახალი წლის შემდეგ, მაგრამ ასე არაა _ ჩიჩილაკი მარანში უნდა გაიტანო და იქ დადნეს…
საახალწლო სუფრა
სუფრაზე აუცილებელია ღორის თავი, მწვადები, მშრალი ხორცი, ხაჭაპური, საცივი, მჟავე, მწვანილი, ტკბილეული, გოზინაყი, ჩურჩხელა, ფელამუში, ხაპი, კანფეტები, ხილი, ღვინო და არაყი. კარგია, ბედობის კვერს თუ გამოაცხობ ოჯახის თითოეული წევრის სახელზე. ამით ჩვენი წინაპრები ბედს განსაზღვავდნენ, კვერის გამოცხობის მიხედვით. დედაჩემმა იცის ბოსლობის ლოცვის წაკითხვა. შევა ბოსელში ძროხებთან ლოცვას კითხულობს: “ბოსლო ბატონო, მოგვეცი მოსავალი…”
ამავე დროს რიტუალი ტარდება მარანში და საწნახელთან “აგუნას” ვმღერით:
აგუნა გადმეიძახე,
ჰეიდა აგუნა;
ბახვი და ასკანა გადმეიარე,
ჰეიდა აგუნა.
ჩვენს ეზოში ყურძენია,
მტრის ეზოში ფურცელია…
და ა. შ.
ტრადიციები
დასაკლავ ღორს სპეციალურად ვზრდით. გამოკოდილ ღორს, ქართულად მას ქოსმენი ჰქვია, სპეციალურად ძაროში (დაღობილი შემორაგული პატარა ფართობი) ვასუქებდით. ყვერული მამლებიც დიდს იზრდება. კალანდა დღეს ახალი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა. ძველი ნივთები, რომლებიც უვარგისია, უნდა გადაყარო. ყველაფერი, მეგობრის გარდა _ მეგობარი უვარგისიც რომ იყოს, შენი მეგობარია. მთელი ოჯახი იკრიბება სუფრასთან, ოჯახის თავი გარეთ გადის და როცა შესრულდება ღამის 12 საათი, ხის გობზე დაწყობილი ღორის თავი, მწვადი და ტკბილეული შემოაქვს. გობზე მიმაგრებულია ანთებული წმინდა სანთელი. კარზე სამჯერ დააკაკუნებს და მიდის შემდეგი დიალოგი:
_ კარი გამიღეთ!
_ ვინა ხარ?
_ მეკვლე!
_ რა მოგაქვს?
_ მშვიდობა და ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, აშენდით, დამშვენდით!
ამის შემდეგ იღება კარი, შემოდის ოჯახის უფროსი, თითოეულ წევრს გადაეხვევა და ულოცავს ახალ წელს. შემდეგ სხდებიან მაგიდასთან საახალწლო სუფრაზე. პატარები და მოხუცები მალე დაიძინებენ. ვისაც სმა შეუძლია, დილამდე განაგრძობს ქეიფს.
მთავარი ტრადიცია ისაა, რომ ყველა თავს იყრის ძირ ოჯახში და საგვარეულო სახლში ზეიმობს ახალი წლის შემობრძანებას. სტუმრიანობა აუცილებელია _ უმეტესად ნათესავები გეწვევიან, ან შენ ესტუმრები. რა თქმა უნდა, ახლო მეზობლებიც დავლოცავთ ერთმანეთის ოჯახს.
მოლოცვა მამაპაპური სახლიდან
ჩემო ქართველებო! ერთიან და გამთლიანებულ საქართველოს მალე მოსწრებოდეთ! ყველა ადამიანი დასაქმებული იყოს! ყველა ოჯახში აკვანში პატარა იზრდებოდეს! 2011 წელი საქართველოს მომავალ გამარჯვებათა საწყისი იყოს, ხოლო ჩვენს გამარჯვებებს და აღმასვლას დასასრული არ ჰქონოდეს! იხარეთ, იმრავლეთ! ღმერთმა დაგლოცოთ!
ჯემალ დობორგინიძე, მამათი, მამაპაპური სახლი