”საარჩევნო კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს ”სპეციალური უბანი”. კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები არსებობს" _ განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი იმუშავებს, სადაც, დაახლოებით, 3 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ უბნებიდან უმრავლესობა სასჯელაღსრულების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში გაიხსნება.
”საარჩევნო კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს ”სპეციალური უბანი”. კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები არსებობს. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნილია 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. კანონმდებლობაში დეტალურად არის გაწერილი იმ პირთა სია, ვინც გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბანზე ხმას აძლევს. მასში შედიან როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე შსს-ს, დაცვის, სპეცსამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბნიდან უმრავლესობა, 10 მათგანი გაიხსნება სასჯელაღსრულების სამინისტროს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულებში, ხოლო ერთი უბანი გაიხსნება ხონის სამკურნალო დაწესებულებაში”, _ განაცხადა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს ისინი ხმას მისცემენ საკუთარი დისლოკაციის ადგილების მიხედვით.